კვლევა - ,,მშობელთა ჩართულობა ბავშვის სასკოლო ცხოვრებაში"


მშობელთა ჩართულობა ბავშვის სასკოლო ცხოვრებაში
როგორ გავაუმჯობესოთ მშობელთა ჩართულობა
პირველკლასელის სასკოლო ცხოვრებაში




ავტორი: ლუარა დარსალია




პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ნაშრომი წარმოდგენილია
 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, ნაფიჩხოვოს საჯარო სკოლის პედაგოგის მიერ





2019

სარჩევი





ნაშრომი წარმოადგენს ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიშს, რომელიც იკვლევს, ,,როგორ გავაუმჯობესოთ მშობელთა ჩართულობა პირველკლასელის სასკოლო ცხოვრებაში“.
კვლევის პროცესში დაცული იყო ეთიკის ნორმები - კვლევაში ჩართული ყველა პირის მონაწილეობა იყო ნებაყოფლობითი. მშობლებს წინასწარ წერილობით ეცნობათ ფოკუს-ჯგუფებში მათი და მათი შვილების მონაწილეობის შესახებ და დასტური დააფიქსირეს წერილობით. ასევე, განაცხადეს თანხმობა ფოტოების გადაღებაზე.
ამასთან, ჩემს კოლეგებს ინტერვიუს მეშვეობით ვთხოვე გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება პირველკლასელთა სასკოლო ცხოვრებაში მშობლის აქტიურ როლზე.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მონაწილეს დათმობილი დროისა და ნაყოფიერი მუშაობისთვის.

შესავალი

            მოცემული პრაქტიკული კვლევა ეხება მშობელთა აქტივობას ბავშვის სასკოლო ცხოვრებაში.  კვლევის მიზანია, გამოიკვეთოს რამდენად არიან ჩართული მშობლები ბავშვის სასკოლო ცხოვრებაში, რატომ არის აუცილებელი მათი აქტიური ჩართვა და რა ზეგავლენას ახდენს მშობლის ჩართულობა ბავშვის სასწავლო პროცესებზე. ვფიქრობ, ამ საკითხის კვლევა, განსაკუთრებით პირველკლასელებში, მნიშვნელოვანია შემდგომი ნაყოფიერი მუშაობისათვის, მოსწავლეების განვითარებისათვის და მათთან ინდივიდუალური მიდგომების განმტკიცებისათვის. 
            კვლევითი პროცესი წარიმართა 2018-2019 სასწავლო წლის მიმდინარეობისას და ჩატარდა  ჩხოროწყუს   მუნიციპალიტეტის, ნაფიჩხოვოს საჯარო სკოლაში. კვლევის პროცესი დაიყო სამ ძირითად ნაწილად: პირველ რიგში მოვახდინე საკვლევი თემის იდენტიფიცირება, რაც უშუალოდ კავშირში იყო მოსწავლეთა სწავლის პროცესის  შეფერხებასთან. ჩემი პედაგოგიური გამოცდილების საფუძველზე ვივარაუდე, რომ პირველკალსელთათვის სწავლის პროცესი მეტ-ნაკლებად რთული იქნებოდა, თუმცა იმის გამოსავლენად, თუ რა კონკრეტული მონაცემები ართულებენ ამ პროცესს, გადავწყვიტე მეწარმოებინა დაკვირვება შემდგომი განვითარების მიზნით.
            დაკვირვების პროცესში გამოიკვეთა ის, რომ მშობლები არასათანადოდ იყვნენ ჩართული ბავშვების სასკოლო ცხოვრებაში - არ კონტაქტობდნენ მასწავლებელთან ყველა შესაძლო რესურსით, ბავშვები სახლში ვერ განამტკიცებდნენ მიღებულ ცოდნას. ამ ყველაფრის შეჯამების შედეგად, მოვიწვიე მშობლები და ვთხოვე მათ ფოკუს-ჯგუფში გაეზიარებინათ თავიანთი დამოკიდებულება ბავშვის სასკოლო ცხოვრების მიმართ. ფოკუს-ჯგუფში მიღებული ინფორმაციების საფუძველზე კი შევადგინე კითხვარები და ანკეტირების გზით გამოვიკვლიე ეს საკითხი.
            მომდევნო ეტაპზე დავსახე პრობლემის აღმოფხვრის გზები. ძირითადი აქცენტი გავაკეთე იმ პრობლემებზე, რომელიც კვლევის პროცესში აქტიურად გამოიკვეთა. ინტერვენციების მიმდინარეობისას ვახდენდი დაკვირვებას უმჯობესდებოდა თუ არა მოსწავლეთა სხვადასხვა უნარები და გაიზარდა თუ არა მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.
            პრობლემის იდენტიფიცირების პროცესში გამოვიყენე როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისობრივი კვლევის მეთოდები: ფოკუს-ჯგუფი, ანკეტირება, ინტერვიუ. აღსანიშნავია, რომ მუშაობის პროცესშივე გამოიკვეთა ის პრობლემები, რომელზედაც თავიდანვე გავამახვილე ყურადღება:
·         მშობელთა ნაკლები ჩართულობა შესაბამისად აისახება ბავშვის მოტივაციაზე და მის ქცევებზე სასკოლო ცხოვრებაში;
·         მოსაწავლეებს არა აქვთ სახლში  ჯანსაღი ფიზიკური გარემო;
·         გამოიკვეთა მშობელთა ინფორმირებულობის დაბალი დონე.
კვლევის მიმდინარეობის პროცესში მოსწავლეები  და მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართულები.
            ამასთან ერთად, ინტერვენციების განხორციელებისას ორივე მხარის აქტიურმა ჩართულობამ საშუალება მომცა საინტერესოდ და ნაყოფიერად წარმემართა შემდგომი პროცესები.
            საკვანძო სიტყვები: აქტიური ჩართულობა, მშობლის როლი, სასკოლო ცხოვრება.

1.საკვლევი საკითხის მიმოხილვა

            საქართველოში სკოლებს აქვთ მიზანი და სურვილი გაზარდონ მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, თუმცა, რა კონკრეტული სტრატეგიით და ნაბიჯებით შეუძლიათ მიაღწიონ მიზანს, ეს განხილვის თემაა. არსებობს საერთო პრობლემები, რომელიც ჩვენი საზოგადოების შიგნით ყველა სკოლას შეიძლება ერთიანად აწუხებდეს, თუმცა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უმჯობესია სკოლამ და პედაგოგებმა თავად გამოკვეთონ მათი საჭიროების შესაბამისი საკითხები, პრობლემები და შემდეგ ჩამოაყალიბონ საკვლევი თემა.
            როგორც აღვნიშნე, ჩემი პედაგოგიური პრაქტიკიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, პირველკლასელთა სასკოლო ცხოვრების დაწყების მომენტი ყოველთვის სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამ პროცესში ვაწარმოებდი დაკვირვებას, ვკონტაქტობდი მშობლებთან, რათა გამომეკვეთა კონკრეტული სირთულეები, რაც ახლავს ბავშვის სასწავლო ცხოვრების დასაწყისს, რომ შემდგომ საფეხურებზე გაიოლებულიყო კომუნიკაციის უნარები და მიგვეღო სასურველი შედეგი.
            აღსანიშნავია, რომ აქტიური ჩართულობისათვის დაკვირვება და მშობლების აზრის გაზიარება იყო ეფექტური მეთოდი. ვმსჯელობდით თუ რა როლი აქვს მშობელს ბავშვის განვითარებაში, ვაწვდიდი მასალებს როგორ უნდა ჩაერთონ აქტიურად სასკოლო პროცესებში, დახვეწონ შვილებთან ურთიერთობის გზები, რათა უფრო მარტივი იყოს კომუნიკაცია და მიაღწიონ კარგ შედეგს სწავლის კუთხით და ზოგადად კარგი ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად.
            თუმცა, ყველა კლასთან ერთნაირი მიდგომა ყოველთვის ვერ ამართლებდა, რადგან პრობლემები არ იყო  ღრმად გაანალიზებული და კონკრეტული კლასის უშუალო საჭიროებებზე მორგებული. ყოველ კლასსს კი ინდივიდულური პრობლემები აქვს  და გადაჭრის გზებიც ამ პრობლემებიდან გამომდინარე უნდა იყოს დასახული.  ამიტომ,  გადავწყვიტე ჩამეტარებინა კვლევა, რომელიც მოიცავდა ყველა კომპონენტს  სირთულეების იდენტიფიცირებისთვის, რათა შემდგომ, ინტერვენციების გზით, დამეძლია ეს სირთულეები და სასწავლო პრცესები ყოფილიყო სასიამოვნო და ნაყოფიერი.
            შესაბამისად ჩამოვაყალიბე საკვლევი თემა: რამდენად არიან ჩართული ბავშვის სასკოლო ცხოვრებაში მშობლები? რა გავლენა აქვს მშობლის ჩართვას ბავშვის სასწავლო პროცესზე? რა უნდა გააკეთოს მშობელმა საკუთარი როლის გაძლიერებისთვის და რა უნდა გააკეთოს სკოლამ იმისთვის, რომ მშობელი უფრო მეტად აქტიური გახდეს?

1.1 კვლევის მიზანი.

            ჩემი საკვლევი თემის მიზანი იყო გამერკვია მშობლების ჩართულობის ხარისხი და მისი ზეგავლენა სასწავლო პროცესზე. პრაქტიკული კვლევის ჩატარება მომცემდა შესაძლებლობას, უკეთ განმევითარებინა მოსწავლეთა სწავლება, რაც შემდგომ დაეხმარებოდა მათ ცოდნის უკეთ ათვისებასა და გააზრებაში. ამასთან ერთად, ვეცადე ინტერვენციების ისე დაგეგმვას, რომ მოსწავლეებს მისცემოდათ შესაძლებლობა პრაქტიკულად, ცოდნის ათვისების პარალელურად, აეთვისებინათ სწავლა-სწავლების სტრატეგიები და ეგრძნოთ მშობელთან ერთად განხორციელებული აქტივობების დადებითი ეფექტები.

1.2 მშობელთა ჩართულობის საჭიროება

            ეროვნული სასწავლო გეგმა სკოლას მთავარ მოვალეობად უსახავს სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლეებს ჩამოუყალიბოს ფიქრისა და აზროვნების უნარ-ჩვევები, განავითაროს მათი ინიციატივები, აღძრას მათში ცნობისმოყვარეობა და პასუხისმგებლობა. სკოლა კი ოჯახის გარეშე უძლურია, მიაღწიოს ამ მიზანს, ჩამოაყალიბოს პიროვნება, გადასცეს მას საფუძვლიანი ცოდნა, უნარები და დამოკიდებულებები. ამიტომ სკოლასა და საზოგადოებას შორის უნდა დამყარდეს აქტიური პარტნიორული ურთიერთობა, რითაც სკოლა შეძლებს, გააუმჯობესოს განათლების ხარისხი1 (ეროვნული სასწავლო გეგმა). სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ მოსწავლეები, რომელთა მშობლები მჭიდროდ არ თანამშრომლობენ პედაგოგებთან და გულგრილნი არიან შვილის სწავლისადმი, გამოირჩევიან საშუალო ან საშუალოზე დაბალი აკადემიური მოსწრებით და ანტისოციალური ქცევებით. მოსწავლეები კი, რომელთა  მშობლები ჩართულნი არიან სწავლების პროცესში, გამოირჩევიან მაღალი აკადემიური შეფასებებით, გამოცდების კარგი შედეგებით, გაკვეთილებზე დასწრების მაღალი მაჩვენებლით და სასწავლო აქტივობებში აქტიური მონაწილეობით.
            რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი მშობელთა ჩართულობა ბავშვის სასწავლო ცხოვრებაში?
·         მოსწავლეები მეტი ხალისით და  აქტიურად ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში, ამასთან, გაუმჯობესდება მათი მიღწევები;
·         გაიზრდება ეფექტური კომუნიკაციის ხარისხი თვითონ მშობლებს, მასწავლებლებს და ადმინისტრაციას შორის;
·         მშობლები საუკეთესო ექსპერტები არიან შვილების აღზრდის პროცესში, ამიტომაც სწორი დამოკიდებულება და აქტიური ჩართულობა გაზრდის  მოსწავლეთა პასუხისმგებლობის დონეს;
·         ბავშვების მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულება სკოლის მიმართ ნდობას გაზრდის, რაც სწავლის პროცესს გაცილებით სასიამოვნოს გახდის და დადებითად აისახება სკოლის ავტორიტეტზე.
მშობელთა ჩართულობა  ეფექტური იქნება თავად მშობლებისთვისაც:
·         გაუიოლდებათ კომუნიკაცია შვილებთან;
·         გაცილებით სწრაფად და მარტივად მოახდენენ ბავშვების პრობლემების იდენტიფიცირებას, უკეთ გაეცნობიან შვილების აკადემიურ მიღწევებს, ობიექტურად განსჯიან მათ დადებით-უარყოფით მხარეებს;
·         შესაბამისად,  უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდებიან  შვილების საჭიროებებს;
·         გაჩნდება მზაობა სკოლის გვერდით დადგეს მშობელი;
·         მშობელთა ჩართულობა შედეგიანი იქნება მასწავლებლისთვისაც, ისინი სწრაფად და ეფექტურად გადაჭრიან ბავშვის ინტერესების სასიკეთოდ ყველა პრობლემას;
·         ასევე, მიეცემათ შესაძლებლობა ბავშვის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა ჩამოაყალიბონ.

1.3 მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობა

ბავშვების განათლება იწყება სახლში, მათი პირველი მასწავლებლები მშობლები არიან, რომელთაც მნიშვნელოვანი როლი აკსრიათ მათი ხასიათის, უნარების ჩამოყალიბებაში. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ მშობლემა თანაბრად დაუთმონ დრო, როგორც სახლში სწავლას ან ნასწავლის განმტკიცებას, ასევე ბავშვების სასკოლო ცხოვრებაში აქტიურ ჩართვას2 (https://www.edsys.in/parents-play-role-education-children/). ბავშვები, რომელთა მშობლები აქტიურად არიან ჩართული მათ სასკოლო ცხოვრებაში ადვილად უმკლავდებიან სირთულეებს, აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება.
            თუმცა აქ ისმის კითხვა: როგორ შეუძლიათ მშობლებს ეფექტიანად ჩაერთონ  სასკოლო ცხოვრებაში და როგორ შეუძლია სკოლას მათი მხარდაჭერა? რას ნიშნავს ზუსტად ,,მშობელთა ჩართულობა“?
            როგორც USAID/G-PRIED საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტში არის მოცემული, ტერმინი ,,მშობელთა ჩართულობა“ აღნიშნავს ერთობლივ და უწყვეტ პასუხისმგებლობას მოსწავლეთა მიღწევებისა და სწავლის გაუმჯობესებაზე. როგორც შინ, ასევე სკოლაში. ის ერთიანებს მშობლებს და მასწავლებლებს, რათა მათ ერთიანი ძალისხმევით შეუწყონ ხელი მოსწავლის აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას.  
            ამ განმარტებიდან გამომდინარე, მშობელთა ჩართულობა კომპლექსური თემაა და მისი ეფექტი ერთნაირად აისახება როგორც ბავშვზე, ასევე მშობელსა და სკოლაზე. ამ საკითხების შეჯამების შემდეგ, კვლევის განსახორციელებლად მიზნობრივ ჯგუფად შევარჩიე უშუალოდ ჩემი მოსწავლეები, მათი მშობლები და დაწყებითი კლასის პედაგოგები.

2. ლიტერატურის მიმოხილვა

            მშობლის როლზე ბავშვის სასკოლო ცხოვრებაში არაერთი კვლევა და ლიტერატურა არსებობს. ყველა მათგანში მოცემულია იდეები მშობლებისა და სკოლის აუცილებელ კავშირზე ბავშვის სასკოლო ცხოვრების წარმატებით დაძლევაში. ყველა კვლევა აჩვენებს იმას, რომ მშობლები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ბავშვის განათლების საკითხებში, ასეთი მშობლების ბავშვები აღწევენ გაცილებით უკეთეს შედეგს, ვიდერე იმ მშობლების შვილები, რომლებიც არ არიან აქტიუად ჩართულები.
            ისიც აღსანიშნავია, რომ პირველ რიგში კომუნიკაცია ოჯახში ყალიბდება - მშობელსა და შვილს შორის. ამ პროცესში ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბების საკითხებს  დეტალურად აღწერს  გორდონი თ. წიგნში - როგორ გავხდე კარგი მშბობელი3.
                გორდონი თ. მშობლებს ურჩევს, ყველთვის შეძლონ ურთიერთობაში გაჩენილი ნებისმიერი სიტუაციის კლასიფიკაცია, რათა შემდგომ მოახდინონ შესაბამისი რეაგირება ბავშვის ქცევაზე. ეფექტიანი მშობელი ერთგვარი კონსულტანტია, რომელიც აყალიბებს კარგი ურთიერთობის ჩვევებს. ,,შვილთან ყოველი საუბრისას თითო აგურს ამატებთ თქვენი ურთიერთობის სტრუქტურას“ წერს გორდონი4. ( გორდონი თ.- ,,როგორ გავხდე კარგი მშობელი“, გვ.62)
            ბავშვი მშობელთან ურთიერთობას ყოველთვის რაღაც საჭიროების გამო იწყებს. ამიტომ მნიშვნელოვანია მშობელმა სწორი მიდგომები განავითაროს ამ ურთიერთობაში. ეს ყველაფერი დაეხმარება შემდგომ სასწავლო პრცესში აქტიურობას და იმას, რომ იყოს გამგები და სწავლა გახდეს ნაყოფიერი.
            ბავშვისთვის კომუნიკაციისა და  განვითარების ორი თავდაპირველი წყარო არსებობს: ოჯახი და სკოლა. დაწყებითი კლასის საფეხურზე ეს ორი წყარო არის მთავარი განმავითარებელი გარემო. ასაკის მატებასთან ერთად მოდის საზოგადოება, კონკრეტული ჯგუფები, სხვა განმავითარებელი ინდივიდები. თუმცა, რადგან საწყის ეტაპზე, მხოლოდ ორი ძირითადი წყაროა, ამიტომაცაა ასეთი მნიშვნელოვანი  ამ ორი ინსტუტუციის - მშობლისა და სკოლის ჰარმონიული თანამშრომლობა.
            როგორც აღვნიშნეთ, ოჯახის შემდეგ განვითარების წყარო არის სკოლა, რადგან ცხოვრების განმავლობაში ჩვენს შვილებზე ზემოქმედებენ ზრდასრულები - სკოლისა და მასწავლებლების სახით, რომლებსაც გარკვეული პასუხისმგებლობა გადავუნაწილეთ. და რაკი ეს ადამიანები ჩვენი შვილებისთვის გარკვეულწილად მშობლის ფუნქციებს ასრულებენ, ცხადია, ძლიერი გავლენა ექნება მათ ზრდასა და განვითარებაზე.  ამიტომაცაა ძალიან მნიშვნელოვანი მასწავლებლისა და სკოლის მჭიდრო ურთიეთობა ეფექტური შედეგის მისაღწევად.
            მშობელთან თანამშრომლობის შედეგად მასწავლებელს შესწევს უნარი, თავად გადაჭრას მოსწავლის ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები, კლასის ემოციური კლიმატი იყოს უფრო მშვიდი და ჯანსაღი, გაიზრდება ბავშვების პასუხისმგებლობა, ეფექტურად მოგვარდება ბევრი საკითხი.
            ადრეულ ასაკში მშობელთა ჩართულობა, ზრდის ბავშვის კოგნიტურ განვითარებას. ის, თუ რას აკეთებს მშობელი ბავშვისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი სოცალური სტატუსი, შემოსავლები ან განათლება. კვლევებით დადასტურებულია, რომ, როგორც წესი, მშობლების მისწრაფება აქტიურად იყვნენ ჩართულნი ბავშვის სასკოლო ცხოვრებაში, თანხვედრაშია იმ შედეგთან, რასაც შემდგომ ეს ბავშვები აღწევენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მშობლების ჩართულობა პირდაპირპროპორციულია ბავშვების წარმატებებთან5 (https://www.researchgate.net/publication/265356277_Determinants_of_Aspirations)
            სხვა თემაა რამდენად აქვს უშუალოდ მისწრაფება ჩართულობისკენ და შემდგომ როგორია ჩართვის ხარისხი. როგორც წესი, მშობლების ჩართულობა და მშობლების მისწრაფებები ერთმანეთს ემთხვევა, ანუ თუ მშობელს აქვს სწრაფვა, რომ ჩაერთოს შვილის სასკოლო ცხოვრებაში, ის აუცილებლად ჩაერთვება. თუმცა ხანდახან სურვილი უფრო მეტი აქვთ, ვიდრე რეალურად არიან ჩართულნი. აღსანიშნავია, რომ დაწყებით საფეხურებზე ეს სწრაფვა და რეალური ჩართულობა ძირითადად ემთხვევა ერთმანეთს და ასაკის მატებასთან ერთად შესალოა შეიცვალოს6.
            მშობლების ასეთი მხარდაჭერის გარეშე კი დიდი ალბათობით ბავშვები ვერ მიაღწევენ მაღალ საფეხურებს სკოლის დასრულების შემდეგ, ამიტომაც ეს შესაძლებლობა არ უნდა მოაკლდეთ მათ შემდგომი წარმატებისათვის.  
            ამ წარმატებისკენაა მიმართული მასწავლებლის ერთ-ერთი უმთავრესი პროფესიული მოვალეობა - მოსწავლეთა მშობლებთან ურთიერთობა. ამ ურთიერ­თო­ბამ ხელი უნდა შეუწყოს სწავლებისა და სწავლის ეფექტიანობას და სკოლაში სასურველი გარემოს ფორმირებას. მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი კვლევა მოწმობს, რომ მოსწავლეთა და, საზოგადოდ, სკოლის წარმატება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობაზე. საკმარისია დავასახელოთ ისეთი მასშტაბიანი საერთაშორისო კვლევის შედეგები, როგორიც არის PISA. კვლევათა შედეგების ანალიზი ცხადყოფს, რომ მშობელთა ჩართულობის გარეშე სკოლებში განათლებისა და აღზრდის ხარისხის ამაღლება თითქმის შეუძლებელია. სკოლამ და ოჯახმა ერთობლივად უნდა აიღონ პასუხისმგებლობა სასწავლო პროცესის ხარისხზე, სკოლაში ჯანსაღი ატმოსფეროს შექმნაზე, მოსწავლეებისთვის ეთიკური ღირებულებების ჩამოყალიბებაზე.
            მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები ერთად ეძებენ წარმატების გზებს. სკოლა ხელს უწყობს ამ პროცესში მშობლებისა და მოსწავლეების მონაწილეობას. სამივე მხარემ უნდა იგრძნოს და იტვირთოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და საკუთარი შესაძლებლობიდან გამომდინარე, წვლილი შეიტანოს ამ საქმეში7
(http://mastsavlebeli.ge/?p=2155 ლობჟანიძე ს.- ,,როგორ შევუწყოთ ხელი სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობას“)
            როცა მშობელი და სკოლა ურთიერთობენ ერთმანეთთან,  ნდობა ჩამოყალიბებულია და მშობელი უსაფრთხო გარემოდ აღიქვამს სკოლას, შესაბამისად, ბავშვების ქცევები არის შესაბამისი და სასწავლო პროცესი სასიამოვნო.

2.1 საქართველოს განათლების სისტემა მშობელთა ჩართულობაზე

          მშობელთა ჩართულობის კუთხით განათლების სამინისტრომ აქტივობები ჯერ კიდევ წლების  წინ დაიწყო, თუმცა რა შედეგი აჩვენა ჩართულობის გაუმჯობესების კუთხით ამ აქტივობებმა, ეს ინფორმაცია არ   გასაჯაროებულა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გვპასუხობენ, რომ ,,უწყება არაერთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, მათ შორის სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის ხარისხის ამაღლების, მშობელთა ინფორმირებულობისა და პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით”.
            მათივე ინფორმაციით, ახლო მომავალში იგეგმება მშობლებისთვის როგორც გზამკვლევის, ასევე ვებ-პორტალის შექმნა სადაც თითოეულ დაინტერესებულ მშობელს ექნება საშუალება კითხვები დასვას, მიიღოს პასუხები და სხვებს გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება8. ( EDU.ARIS.GE) 
            მკვლევარები აღნიშნავენ, რომ გამოწვევები სკოლისაგან მოითხოვენ გარკვეული ცვლილებების გატარებას, ინტერაქტიური მიდგომების დანერგვას, პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილებისა და პროექტ-გაკვეთილების ჩატარებას, თანამშრომლობითი სწავლების ფორმების შემოღებას, აგრეთვე სააღმზრდელო ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას.
            მშობელს სრულფასოვანი წარმოდგენა უნდა შეექმნას როგორც სწავლების, ისე აღმზრდელობითი მუშაობის შინაარსზე, სწავლების თანამედროვე მიდგომებზე, შეფასების წესებზე, რუბრიკებზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე. ამ სახის აქტიურობა ამდიდრებს სკოლის კულტურას და ხელს უწყობს მის განვითარებას. ამდენად, უკეთესი შედეგების მისაღწევად სკოლა და მასწავლებელი დაინტერესებული უნდა იყოს მშობლებთან აქტიური თანამშრომლობით. მშობელთა აქტიური ჩართულობა დადებითად აისახება სასკოლო საზოგადოებაზე, მასწავლებლებზე, მშობლებსა და მოსწავლეებზე. (http://mastsavlebeli.ge/?p=18080  ლომიძე ქ.- „მშობლებთან თანამშრომლობა – ვსწავლობთ ერთად“.)

3. კვლევის მეთოდოლოგია

          პრობლემის იდენტიფიცირების პროცესში ვცდილობდი მომეძებნა პასუხი კითხვებზე:
·         რა ძირითადი გამოწვევების წინაშეა მშობელი, როცა მას უწევს სასკოლო ცხოვრებაში ჩართვა?
·          რა სარგებელს მოუტანს ეს ბავშვს, სკოლას, მშობელს, მასწავლებელს?
·         კონკრეტულად რაში შეიძლება გამოიხატოს მშობელთა ჩართულობა?
            აღნიშნულ საკითხებზე მუშაობა გადავწყვიტე მას შემდეგ, რაც სასწავლო წლის დასაწყისში წამოიჭრა პრობლემა  მშობელთა ჩართულობის კუთხით. კვლევის საწყის ეტაპზე, ჩემს სადამრიგებლო კლასში მოვახდინე პრობლემის იდენტიფიცირება, რადგანაც პირველი კლასი არის საწყისი ეტაპი მოსწავლის სწავლა-სწავლების ეფექტურად წარმართვაში, ხოლო მშობლის ჩართულობის გარეშე ვერ მივაღწევდი მიზანს ეფექტურად.
            პრობლემის აღმოსაჩენად დავიწყე უშუალოდ კლასზე დაკვირვება, თუ რატომ ვერ ართმევდნენ მოსწავლეები თავს სწავლას, საიდანაც მივედი იმ დასკვნამდე, რომ მშობლები სათანადოდ არ იყვნენ ჩართული ბავშვების სწავლა-განვითარების საკითხში.  
            პრობლემის იდენტიფიცირების შემდგომ დავგეგმე ამ თემებზე სასაუბროდ მომეწყო ფოკუს-ჯგუფის შეხვედრა. საკვლევი იყო კონკრეტულად რაში უნდა ჩართულიყვნენ მშობლები საუკეთესო შედეგის მისაღწევად და რა ფორმით უნდა განეხორციელებინათ თანამშრომლობა სკოლასთან. აქ გამოკვეთილი მოსაზრებების შემდეგ, ანკეტრების გზით კიდვ ერთხელ განვამტკიცე მიღებული საკითხების პრობლემური ხასიათი.
            პარალელურად, მოვაწყვე თვითონ მოსწავლეებში ფოკუს-ჯგუფის ფორმატში შეხვედრა, სადაც უკვე თვითონ ისაუბრეს, თუ როგორ წარმოედგინათ მშობლების აქტიური ჩართულობა მათ სასკოლო ცხოვრებაში.
            მიღებული დასკვნების საფუძველზე კი ერთიანი შეხვედრა ჩავატარე მშობლებთან და ბავშვებთან, რათა მათ ერთობლივად ემუშავათ და გამოეთქვათ მოსაზრებები, თუ როგორ წარმოუდგენიათ მშობლის აქტიური ჩართვა, რა უნდა გააკეთოს მშობელმა ამისათვის, რა მოლოდინი აქვთ ბავშვებს, რა პრობლემებს აწყდებიან ისინი მშობელთა არააქტიურად ჩართვის შემთხვევაში და როგორ გაუადვილდებოდათ მთლიანი სასწავლო პროცსი, თუ მშობელი მეტად მოტივირებულად ჩაერთვებოდა და იკონტაქტებდა ამ მიმარულებით. აღნიშნულ შეხვედრაზე შევიმუშავეთ ერთობლივი რეკომენდაციები ეფექტური შედეგის მისაღწევად, რამაც თავის მხრივ, გამიიოლა ინტერვენციის პროცესი.
            ამ ყველაფერთან ერთად, კოლეგებს ვთხოვე, ინტერვიუზე გაეზიარებინათ ჩემთვის მათი დამოკიდებულებები მშობელთა აქტიურობის თემაზე. რაში გამოიხატება მათი აზრით მშობელთა ჩართულობა, რა მნიშვნელობა აქვს და რა პრობლემების წინაშეა პედაგოგი, როცა მშობელი საერთოდ არ ერთვება ან პირიქით, ზედმეტად აქტიურადაა ჩართული სასკოლო ცხვრებაში.
            დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ კვლევა ჩატარდა შემდეგ ეტაპად:
ü  შედგა შეხვედრა ფოკუს ჯგუფთან;
ü  მეორე ეტაპი მონაცემთა ანალიზს დაეთმო;
ü  შევიმუშავე კითხვები ანკეტირებისთვის;
ü  მოვაწყვე საერთო შეხვედრა მშობლებსა და ბავშვებთან ერთიანი რეკომენდაციების შესამუშავებლად;
ü  ინტერვიუს მეშვეობით ვესაუბრე კოლეგებს საკვლევ თემაზე;
ü  ბოლო ეტაპზე კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, შევიმუშავე დასკვნები და რეკომენდაციები.  
            ჩემ საკვლევ ჯგუფს შეადგენდა ნაფიჩხოვოს საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები. ვინაიდან ისინი წარმოადგენენ ჩემ სადამრიგებლო კლასს, გადავწყვიტე, მემუშავა პრობლემად გამოკვეთილ საკითხებზე მთელი წლის განმავლობაში. კლასში ირიცხება 8 მოსწავლე. შესაბამისად, კვლევის პროცესში ჩართული იყო ყველა მათგანი და მათი მშობლები.
            აღსანიშნავია, რომ ტერმინი ,,მშობელი“ ქვეშ ვგულისხმობ ბავშვის სწავლაზე ზედამხედველ პირს, რომელიც ზრუნავს და იღებს პასუხისმგებლობას იკისროს მშობლის როლი.  
            კვლევის შედეგების სანდოობას განაპირობებს კვლევის მიმდინარეობისას სხვადასხვა მეთოდების გამოყენება, როგორიცაა: რაოდენობრივი მეთოდი, ანკეტირება. თვისებრივი მეთოდების გამოყენება,  დაკვირვება,  ფოკუს-ჯგუფი.          თავდაპირველად ჩავატარე დაკვირვება, რამაც დამანახა მოსწავლეთა ძირითადი პრობლემები,  ხოლო მომდევნო ეტაპი ეს იყო ფოკუს-ჯგუფი და კითხვარები. კვლევის პირველი ეტაპიდან გამოვლენილ პრობლემებთან დაკავშირებით შევადგინე  ფოკუს-ჯგუფის კითხვარები, რომლითაც უკეთ დავადგინე, თუ რამდენად სწორად იყო გაგებული მოსწავლეთა მიერ კითხვარის შინაარსი და რა სურდათ მოსწავლეებს აღნიშნული პრობლემების დასაძლევად. არსებულ მეთოდებზე დაყრდნობით მომეცა საკვლევი თემის უფრო სანდო არეალი.(დანართი 1.)

4. კვლევის შედეგები/მონაცემთა ანალიზი

კვლევის მეთოდები შემდეგი თანმიმდევრობით განვახორციელე:
            მშობლებმა ფოკუს-ჯგუფის შეხვედრაზე განმარტეს, რომ ისინი აცნობიერებენ იმას, რომ მშობლის აქტიური ჩართვა ნიშნავს შვილის უკეთ სწავლას. აღნიშნეს ისიც, რომ აქტიური ჩართულობით მეტად აქცევენ ბავშვის განვითარებას ყურადღებას. თუმცა, დროის დეფიციტის გამო თავიანთი აქტიურობით კმაყოფილი არ არიან.
            ამ ეტაპზე აქტივობები, რომელშიც ჩართულები არიან, ესაა სატელეფონო კონტაქტი მასწავლებელთან, პირადი საუბარი, მშობელთა კრება, დავალების ერთობლივად შესრულება  და სირთულეების განხილვა.
            თავის მხრივ, მასწავლებელს ძირითადად ეკონტაქტებიან ბავშვის აკადემიური მოსწრების და სკოლაში ქცევის შესახებ. შესაბამისად, ყველა მშობელმა იცის, თუ როგორ სწავლობს მისი შვილი სკოლაში. ამასთან, გამოთქვეს სურვილი, გააღრმავონ ურთიერთობა სხვადასხვა მიმართულებით: მშობლებთან ერთად განიხილონ ბავშვის აღზრდასთან და მის სწავლასთან დაკავშირებული საკითხები, ისაუბრონ მათ მიღწევებზე, სირთულეებზე. გამოთქვეს მზაობა, რომ გაეცნობიან ლიტერატურას და მასალებს მშობლისა და შვილის ურთიერთობაზე.
            მოსწავლეებთან ფოკუს-ჯგუფზე გამოიკვეთა მნიშვნელოვანი საკითხები. ბავშვებს არ აკმაყოფილებთ მშობელთა ჩართულობის ხარისხი მათ სასწავლო ცხოვრებაში. ამ მხრივ, ძირითად დაბრკოლებად მშობლების დროის უქონლობა დაასახელეს.
            ყურადღება გამახვილდა სასწავლო გარემოზე სახლში, რა დროსაც გამოიკვეთა, რომ ბავშვებს არ აქვს ინდივიდუალური კუთხე გამოყოფილი სამეცადინოდ, რაც ართულებს და უინტერესოს ხდის სწავლის პროცესს. რადგან გათბობის საკითხი ჩვენს რეგიონში ჯერ მოგვარებული არ არის და გათბობის ძირითადი წყარო საერთო ოთახშია მოთავსებული, ბავშვებს მეცადინეობა უწევთ ამ საერთო ოთახში, სადაც მთელი ოჯახი და ხშირად სტუმრები არიან თავმოყრილი. ასეთ დროს მშობლის ჩართულობაც მინიმალურია სწავლაში და ბავშვის სწავლის მოტივაციაც მინიმალურია.
            ამიტომ, ბავშვებს გამოსავალი მშობლების სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართვით წარმოუდგენიათ. მათ სურთ სკოლაში ჩატარებულ ღონისძიებებზე ესწრებოდნენ მშობლები, ასევე, ამ ღონისძიებების განხორციელებაში სჭირდებათ მათი მხარდაჭერა.  შედეგად იმას ასახელებენ, რომ უფრო დაცულად იგრძნობენ თავს, ექნებათ მშობელთან სიახლოვე, რა დროსაც ისინი მიხვდებიან ბავშვების საჭიროებებს და უკეთ გაუგებენ მათ.
            მოსწავლეებთან და მშობლებთან ცალ-ცალკე ჩატარებული ფოკუს-ჯგუფების შემდეგ, გამოითქვა სურვილი, მოგვეწყო ერთიანი შეხვედრა, სადაც მშობლები და ბავშვები ერთობლივად, ღიად ისაუბრებდნენ ამ პრობლემებე, შეიმუშავებდნენ რეკომენდაციებს და დასახავდნენ სამოქმედო გეგმებს მშობელთა აქტიური ჩართვისათვის.
             საერთო შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებები ორ ნაწილად დაიყო: ერთი მხრივ, მშობლებმა მოისმინეს, თუ როგორი გარემოს შექმნა სურთ ბავშვებს სახლში ეფექტიანი სასწავლო შედეგების მისაღწევად და მეორე მხრივ, დაიწყეს ფიქრი, როგორ, რა ფორმით შეიძლებოდა გაეზარდათ მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.
            მშობლებისა და ბავშვების მოსაზრებების პარალელურად, კოლეგებს ვთხოვე, გაეზიარებიანთ თავიანთი აზრი მშობელთა ჩართულობაზე. კოლეგებთან ინტერვიუმ გამოკვეთა შემდეგი საკითხი, რომ მშობელთა ჩართულობა მეტ-ნაკლები ინტენსივობით ხასიათდება. ზოგ მშობელს არა აქვს სურვილი ჩაერთოს ბავშვის სასწავლო ცხოვრებაში, ზოგს პირიქით - უნდა ჩაერთოს, თუმცა საამისოდ დრო არა აქვს.
            ერთი რამ, რაც ნათლად გამოკვეთა არის ის, რომ  დაინტერესებული მშობლის შვილები უკეთ ართმევენ თავს სწავლის პროცესს, ვიდრე ის ბავშვი, რომლის მშობელიც არაა ჩართული სასკოლო ცხოვრებაში.  როდესაც ბავშვი ხედავს მშობლის ინტერესს, თვალი ადევნოს მის ქცევებს და მიღწევებს სკოლაში, უფრო მოტივირებულია, მეტი ხალისით ერთვება სწავლაში და უკეთეს შედეგებს აღწევს. პასიური მშობლის შემთხვევაში, მისი პასიურობა ბავშვის ქცევაზე აისახება და ასეთი ბავშვები პასუხისმგებლობის ნაკლები ხარისხით გამოირჩევიან, ხოლო მათი ქცევა მოუწესრიგებელია.
            მასწავლებლებმა გამოყვეს ის კონკრეტული სიტუაციები, როცა მშობელი ჩართულია ბავშვის სასკოლო ცხოვრებაში. ესაა საშინაო დავალების მომზადება/საკოლაში მიღებული ცოდნის განმტკიცება და  ღონისძიების ჩატარებაში მონაწილეობა.
            მასწავლებლებმა რეკომენდაციის სახით გამოთქვეს სურვილი, რომ მშობელთა აქტიური ჩართვისათვის საჭიროა ხშირი შეხვედრები, აქტიური კომუნიკაცია სკოლასთან, სასკოლო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, საინტერესო იქნებოდა შემეცნებითი აქტივობებიც, მაგალითად მშობელთა აქტივობის დაფა, საგანამანათლებლო ხასიათის შეხვედრები.
            ფოკუს-ჯგუფებისა და ინტერვიუების ჩატარების შემდეგ, ყველა ამ მონაცემის საფუძველზე, შევადგინე რაოდენობრივი კითხვარი, სადაც თვალსაჩინოდ და გრაფიკულად აისახა ფოკუს-ჯგუფების განხილვაზე წამოჭრილი ყველა თემა.
            მიღებული შედეგები და მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა:
            მასწავლებელთან კონტაქტის ძირითადი საშუალება არის პირადი შეხვედრები, მშობელთა კრებები და ურთიერთობა ტელეფონით.
1. როგორ ვეკონტაქტებით მასწავლებელს? ამოირჩიეთ შესაბამისი ფორმა/ფორმები.
2. მშობლებს ვთხოვე, თავად შეეფასებინათ თავიანთი ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, სადაც უმრავლესობამ ჩართულობის ხარისხი 8  ქულით შეაფასა.
- ათბალიანი სისტემით, რამდენად შეაფასებდით თქვენს ჩართულობას თქვენი შვილის სასკოლო ცხოვრებაში. ერთი უდრის ყველაზე დაბალ ქულას, ათი უდრის მაქსიმალურს.

 
3. შეკითხვაზე იციან თუ არა როგორ სწავლობს მათი შვილი სკოლაში, აბსოლუტურად ყველამ უპასუხა, რომ იციან, თვალს ადევნებენ ბავშვის სასწავლო პროცესს სკოლაში.
- იცით თუ არა, როგორ სწავლობს თქვენი შვილი სკოლაში?

4. იმისათვის, რომ დაეხმარონ ბავშვებს, მშობლები ძალიან ხშირად ან ხშირად უზრუნველყოფენ კარგ სასწავლო გარემოს სახლში, უმოწმებენ დავალებებს, მიუთითებენ სწორად ქცევაზე, მიჰყვებიან მასწავლებლის მითითებებს.
- თქვენი შვილის დასახმარებლად (მონიშნეთ ყველა პასუხი ინტენსივობის მიხედვით):
5. რაც შეეხება დროს, რომელიც საჭიროა მიღებული ცოდნის სახლში განსამტკიცებლად, მშობელთა აზრი ორად იყოფა: ერთი ნაწილი ცდილობს ბოლომდე დაუჯდეს ბავშვს, თუმცა ამის დრო ყოველთვის არ აქვს, ხოლო მეორე ნაწილის თქმით, ბავშვი დამოუკიდებლად ართმევს თავს დავალებების შესრულებას.
 - რა დროს უთმობთ სკოლაში მიღებული ცოდნის განმტკიცებას სახლში? (ამოირჩიეთ ერთი ვარიანტი)
 
6. ყველა მშობლისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ინფორმაციის მიწოდება ბავშვების ქცევის წესებზე, ხოლო უმრავლესბისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ასევე თემები მავნე ნივთიერებების შესახებ და დროის განაწილების უნარების გაუმჯობესებაზე.
- რა თემების შესწავლით, ინფორმაციის მიღებით გსურთ გაიუმჯობესოთ ბავშვთან კომუნიკაციის უნარები? მონიშნეთ ყველა თემა იმის მიხედვით, თუ რამდენად საინტერესოა თქვენთვის.
7. კომუნიკაციის ფორმებს რაც შეეხება, ყველა მშობლისთვის ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა სატელეფონო საუბრები მასწავლებელთან და პირადი შეხვედრები.
- მიუთითეთ რამდენად ეფექტურია, კომუნიკაციის ეს ფორმები. მონიშნეთ ყველა ფორმა იმის მიხედვით, თუ რამდენად ეფექტურია თითოეული მათგანი თქვენთვის
8. ჩართულობის განსასაზღვრად მშობლებისთვის დასმულ შეკითხვაში, თუ რომელ აქტივობას ახორციელებენ და რამდენად ხშირად, აბსოლუტურად ყველა მშობელმა აღნიშნა, რომ ესწრება მშობელთა კრებას, ამოწმებს ბავშვის დავალებას და ეკონტაქტება მასწავლებელს  ხშირად.
- რამდენად ხშირად ახორციელებთ ამ აქტივობებს? მონიშნეთ ყველა აქტივობა ინტენსივობის მიხედვით.

9. შეკითხვაზე ბოლო ერთი წლის მანძილზე მშობლები ყველაზე ხშირად რომელი ღონისძიების მსვლელობისას ერთვებოდნენ პროცესში, მშოლებმა მიუთითეს, რომ ეს აქტივობები არ ჩატარებულა.
- ჩამოთვლილი აქტივობებიდან რომელში მიგიღიათ მონაწილეობა ბოლო ერთი წლის მანძილზე:
10. შეკითხვაზე, გიშლით თუ არა ხელს რამე, იყოთ აქტიურად ჩართული სასკოლო ცხოვრებაში, ძირითად ხელისშემშლელ ფაქტორად დროის არქონა სახელდება.
- გიშლით თუ არა ხელს რამე, იყოთ აქტიურად ჩართული სასკოლო ცხოვრებაში?

11. რაც შეეხება კონკრეტულ აქტივობებს სასწავლო მასალის განმტკიცებისათვის, მშობელთა უმრავლესობის აზრით, ხშირად მოუწევთ კითხვის, წერის და მათემატიკური უნარების განვითარებაში ჩართვა. რაც შეეხება მშობელთა ნახევარს, არ იცის უცხო ენის სწავლებაში  ჩაერთვება თუ არა ბავშვთან ერთად.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად ხშირად მოგიწევთ ამ აქტივობებში ბავშვთან ერთად ჩართვა?
 
 
12. კითხვაზე: თქვენი ბავშვის სასწავლო გამოცდილების გასამდიდრებლად რა აქტივობებში მიიღებდით მონაწილეობას, უმეტესობა მშობლებმა უპასუხეს, რომ ჩაერთვებოდნენ სასკოლო ღონისძიებებში, რამდენიმემ გამოთქვა სურვილი, რომ წაახალისებდა ბავშვის მისწრაფებებს, წაიკითხავდა ლიტერატურას, თუ როგორ ვეკონტაქტოთ ბავშვებს, ან განიხილავდნენ რთულ სიტუაციებს ერთად.
- თქვენი ბავშვის სასწავლო გამოცდილების გასამდიდრებლად რა აქტივობებში მიიღებდით მონაწილეობას
 
13. ღია შეკითხვაზე, თუ რა აქტივობა შეავსებდა მშობელთა ჩართულობას/რა გახდიდა უფრო ჩართულს ბავშვის სასკოლო ცხოვრებაში, მშობელთა უმეტესობამ უპასუხა, რომ კარგი წიგნების წაკითხვით გაუმდიდრებდა ბავშვს ცოდნას და ამ პროცესში ჩაერთვებოდა აქტიურად. ასევე, შეუქმნიდა მშვიდ გარემოს სახლში.  სასწავლო საგნებთან დაკავშირებულ ინფორმაციას მიწვდიდა მარტივად, საინტერესოდ და სახალისოდ.
            მშობელთა ნაწილმა გამოთქვა სურვილი, რომ სკოლაში იყოს მეტი ღონისძიება დაგეგმილი, მაგალითად სპორტული შეჯიბრებები და სხვა შემეცნებითი ღონისძიებები, დაეხმარებოდნენ ბავშვს მათ დაგეგმვასა და განხორციელებაში, რაც გახდიდა მათ მეტად ჩართულს შვილის სასკოლო ცხოვრებაში.
            შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ მიღებული შედეგების გაანალიზება დამეხმარა ეფექტურად დამეგეგმა და შედეგიანი ყოფილიყო ინტერვენციები.



4. ინტერვენცია

კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციისა და მონაცემების ანალიზის საფუძველზე შევიმუშავე შემდეგი ინტერვენციები:

4.1 დიორამის შექმნა

            მშობელთა ჩართულობის მიზნით დავიწყე ფიქრი სასწავლო დიორამის შექმნაზე. იდეა დაიბადა ხელოვნების გაკვეთილზე. პირველი კლასის მოსწავლეები რადგანაც არიან პატარები, მათ ჯერ კიდევ არა აქვთ ხელის მოძრაობის წვრილი მოტორიკა განვითარებული, ამასთანავე უჭირთ გაბმული კითხვა,  ამიტომ, გადავწყვიტე მშობლები ჩამერთო ამ აქტივობაში.

4.2 ინფორმაცია დიორამაზე

            დიორამა არის ისტორიული მოვლენის,  ინტერიერის, პეიზაჟის, ქალაქის ხედის სამგანზომილებიანი მინიატურული მოდელი, რომელსაც ქმნიან გასართობი, შემეცნებითი, ან სასწავლო მიზნებისათვის.
            ამ ტიპის აქტივობა ძალიან მოსწონთ ბავშვებს, კითხვის სწავლებისას იგი დიდად უწყობს ხელს ტექსტის შინაარსის საფუძვლიანად გაგებას, ააქტიურებს მოსწავლის წარმოსახვას და შემოქმედებით უნარს.
            დიორამის შექმნის  მთავარი იდეა იყო მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება, ის ხელს უწყობს კითხვის უნარის განვითარებას, ცოდნის გაღრმავება-განმტკიცებას, დეტალების დამახსოვრებას, წარმოსახვის უნარს, შემოქმედებით აზროვნებას, მასწავლებელს,  მშობელსა და  მოსწავლეს შორის კომუნიკაციის გაღრმავებას. ამასთან, ტექსტზე მუშაობით, მოსწავლეები დიდ სიამოვნებას იღებენ.
            ამ აქტივობისთვის შევარჩიე იაკობ გოგებაშვილის  მოთხრობა ,,ფლო’’.
ჯერ წავუკითხე ეს მოთხრობა, შემდეგ დავურიგე თითოეულს ამობეჭდილი,    წაკითხვაში მშობლები დაეხმარნენ, მოსწავლეებმა იმუშავეს წყვილებში, დახატეს, გააკეთეს ნახატების პრეზენტაცია, შემდეგ კი თითოეულს ერთი მოთხრობა უნდა გადაექცია სამგანზომილებიან სივრცედ. მშობლების დახმარებით მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი.

  4.3 ფლო











4.2 ინტერვენცია - კითხვის დღე ბიბლიოთეკაში

            კითხვის როლი ბავშვის განვითარებაში განუმეორებელია. პირველკლასელები ახლა იწყებენ ამ როლში შესვლას. ამტომ მნიშვნელოვანია, მშობლები დაეხმარონ ამ დიდი გზის გაკვალვაში. ამიტომაც, კვლევის მიმდინარეობისას გამოთქმული რეკომენდაციის შესაბამისად, მოვაწყვეთ კითხვის დღე ბიბლიოთეკაში.
            მშობლებმა მათი ასაკის მიხედვით შეარჩიეს წიგნები და წაუკითხეს ბავშვებს. ასევე, ერთად დაათვალიერეს ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების კატალოგი, სხვადასხვა ჟანრის საკითხავი ლიტერატურა.





4.3 როგორ გავუფრთხილდეთ  საკუთარ  ჯანმრთელობას


            მას შემდეგ, რაც შევნიშნე,  ჩემი მოსწავლეები ზოგჯერ გამოუძინებელი მოდიან სკოლაში, არასწორად იკვებებიან, არ იციან როგორ გაუფრთხილდნენ თავიანთ ჯანმრთელობას, სახლში კი მშობლებს მუდმივად გაკონტროლების შესაძლებლობა არა აქვთ,  გადავწყვიტე ისინი შემეხვედრებინა ჩვენი სოფლის ოჯახის ექიმთან ლილია გოგუასთან.      შეხვედრის მიზნად დავისახე, რომ მშობლებისათვის საინტერესო იქნებოდა ბავშვების ჯანმრთელობასა და ჰიგიენის საკითხებთან დაკავშირებული თემების ერთობლივი განხილვა. ამით, მშობლები უფრო დაახლოვდებოდნენ ბავშვებთან, რა პრობლემებიც აქამდე აწუხებდათ, შეეძლოთ ექიმის კვალიფიციური რჩევით გადაეჭრათ.
            ლილია ჩვენი უბნის ექიმია, ძლიან ყურადღებიანი, თავისი საქმისთვის გულმოდგინე მცოდნეა. ამიტომ მთელი ყურადღებით ჩაერთო და საინტერესოდ აუხსნა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები:
§  დღის რეჟიმი
§  პირადი ჰიგიენა
§  ძილი
§  ჯანსაღი ცხოვრების წესი
§  ვიტამინები
§  მიკრობები და ბაქტერიები
§  სწორად კვების ოქროს წესი
            ბავშვები მას მეტად გულთბილად შეხვდნენ. დიდი ინტერესით მოუსმინეს მის საუბარს, რომელიც სლაიდ შოუს თანხლებით მიმდინარეობდა.  ექიმი ბავშვებს ესაუბრა, თუ რას ნიშნავს ჯანმრთელობა, როგორ უნდა იკვებონ სწორად, როგორი აუცილებელია ვიტამინები. ესაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დროზე დაძინება, სუფთა ჰაერზე სეირნობა, კბილების მოვლა და ჰიგიენა.
            გარდა იმისა, რომ ბავშვებმა მრავალი სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს  ჯანმრთელობის შესახებ, პატარები დარწმუნდნენ, რომ ექიმთან ვიზიტი სულაც არ არის საშიში.  თავის მხრივ, ეს ნაბიჯი სასიამოვნო იყო მშობლებისთვისაც, რადგან მათ მომავალში არ მოუწევთ ბავშვების იძულებითი   ვიზიტი ექიმთან.
            ექიმს ბავშვები თბილად დაემშვიდობნენ. მშობლებმაც  დიდი კმაყოფილება გამოხატეს ამ შეხვედრის გამო.

4.4 საკლასო წიგნის კლუბი

            მშობელთა ჩართულობის მიზნით გადავწყვიტე გამეკეთებინა საკლასო წიგნის კლუბი და მისი საშუალებით უფრო აქტიურად ჩამერთო  მშობლები შვილების სასწავლო ცხოვრებაში.
            წიგნის კლუბი არის მკითხველთა ჯგუფი, რომლის წევრებიც დროის განსაზღვრულ პერიოდში ერთსა და იმავე წიგნს კითხულობენ, შემდეგ იკრიბებიან წაკითხულის განხილვის მიზნით. საკლასო წიგნის კლუბი კარგი საშუალებაა, რომ მოსწავლეებმა ხშირად, სიღრმისეულად გაიაზრონ წაკითხული, გააკეთონ რეფლექსია და  იმსჯელონ. ეს ფორმატი მოსწავლეს ეხმარება  დისკუსიის, წერისა და შემოქმედებითი უნარის  ჩამოყალიბებაში.
            აქედან გამომდინარე, აქტიურად ჩავრთე მშობლები წიგნის კლუბის საქმიანობაში. მოვიწვიე ისინი კლუბში გამართულ  განხილვებსა და პრეზენტაციებზე. ვთხოვე, თავადაც წარედგინათ წიგნის კლუბის აუდიტორიის წინაშე  თავიანთი საყვარელი წიგნები. მოსწავლეებს მიეცათ მოტივაცია,
უფრო გათამამდნენ, მოეწონათ მშობლებთან ერთად დისკუსია და გამოთქვეს სურვილი, რომ მომავალში მეტი მონდომებით წაიკითხავენ სხვადასხვა ლიტერატურას.

5. ინტერვენციების შეფასება

            ჩემ მიერ განხორციელებული ინტერვენციების მიზანი იყო მოსწავლეებსა და მშობლებში მოტივაციის ამაღლება და მათი დაინტერესება საგაკვეთილო პროცესით, რათა, რაც შეიძლება ეფექტურად მიმეღწია ეროვნული სასწავლო გეგმით გაწერილი მიზნებისთვის, დამენახებინა ბავშვების საჭიროებები მშობლებისათვის, შემექმნა ურთიერთთანამშრომლობის გარემო. მე, როგორც მათ პედაგოგს, დამესახა ბავშვებთან ინდივიდუალური მიდგომის სტრატეგიები. ამასთან, სწავლის პროცესი ყოფილიყო საინტერესო, მამოტივირებელი და ეფექტიანი.          
            აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მშობლემა, რეკომენდაციის მიუხედავად, ამ ეტაპზე ვერ გადაწყვიტეს ბავშვის ფიზიკური გარემოს ისე შექმნა, რომ საინტერესო და სასურველი ყოფილიყო მათთვის, თუმცა საომავლოდ ამ თემაზე ფიქრი უკვე დაიწყეს.  
            რაც შეეხება, განხორციელებულ ინტერვენციებს, ამ აქტივობების შედეგად მშობლებმა გაცილებით თავდაჯერებულად იგრძნეს თავი და გაუადვილდათ ურთიერთობა შვილებთან.
            დიორამის შექმნაზე მუშაობა საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა, ბავშვები თავისუფლად გამოთქვამდნენ სურვილებს, რა სურდათ მათ შეექმნათ, რომლის აწყობაშიც შემდგომ მშობლები ეხმარებოდნენ. ერთობლივმა მუშაობამ უფრო დააახლოვა ბავშვები და მშობლები ერთმანეთს.
            ამის გარდა, ყველასთვის მისაღები და საინტერესო აღმოჩნდა სართო კითხვის დღის მოწყობა, სადაც მშობლებმა და ბავშვემა მათთვის საინტერესო მოთხრობები და თემები წაიკითხეს.
            უბნის ექიმთან სტუმრობის შედეგად გაცილებით უკეთესი კომუნიკაცია ჩამოყალიბდა მშობელსა და ბავშვებს შორის, ისინი მითითებების გარეშე, სიხარულით იცავენ ჰიგიენის ნომრებს. მშობლებს კი არ უწევთ მათი იძულება, რამაც სასიამოვნო ატმოსფერო შექმნა მათ ურთიერთობაში.
სხვადასხვა წიგნის გაზიარებით კი ბავშვებმა დაინახეს რამდენად საინტერესო არიან მათი მშობლები, დააფასეს მათი უნარები და მეტად მიენდნენ სწავლის პროცესში.
            ამ პროცესების შემდგომ, ინტერვენციების საერთო  განხილვა მოვაწყვეთ, შევაფასეთ მათი დადებითი ეფექტები და დავსახეთ გზები, სამომავლოდ როგორ უნდა განვავითაროთ ეს მიმართულება. ამ ეტაპზე კი ინტერვენციებმა ყველა მხარეს დაგვანახა, თუ რამდენად საჭირო იყო მათი განხორციელება და როგორი დადებითი ეფექტი მოჰყვა სწორად დაგეგმილ აქტივობას.

6. კვლევის მიგნებები

            მოცემულ ნარომში განხილულია მშობელთა აქტიური ჩართვისთვის  საჭირო ნაბიჯები, ურთიერთობის სტრატეგიები, ინტერვენციების გზები. დასკვნები და რეკომენდაციები და ის ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდნენენ მშობელთა აქტიურ ჩართულობაზე ბავშვის სასკოლო ცხოვრებაში.
რაც შეეხება კონკრეტულ მიგნებებს, კვლევის პროცესში გამოიკვეთა ის, რომ
v  მშობლები არასაკმარისად არიან ჩართული ბავშვების სასკოლო ცხოვრებაში;
v  სასკოლო ცხოვრებაში ჩართვა მხოლოდ მასწავლებელთან ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზე კონტაქტი ან მშობელთა კრებაზე დასწრება წარმოუდგენიათ;
v  მშობლის არააქტიურობა  უარყოფითად აისახება ბავშვების განვითარებაზე და მათ აკადემიურ მოსწრებაზე;
v  დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახლში სასწავლო გარემოს;
v  მშობლების უნარების და ნიჭის დემონსტრირებას ბავშვებისთვის დადებითი ეფექტი მოაქვს, ყალიბდება ჰარმონიული კავშირი მათ შორის;
v  ინტერვენციის დაგეგმვას დიდი სიფრთხილე სჭირდება, რათა ყოველი აქტოვობა იყოს მაქსიმალურად შედეგიანი;
v  ინტერვენციების განხორციელების შემდგომ მათი შეფასება აუცილებელია იმის გასარკვევად რამდენად ეფექტური იყო, ღირს თუ არა სამომავლოდ ამ მიმართულებით გაგრძელება.
            მიღებული შედეგებისა და ზემოთქმული რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას,  რომ კვლევის შედეგები და რეკომენდაცია სასარგებლო იქნება სხვა პედაგოგებისთვის, მშობლებისთვის, მოსწავლეებისთვის. კვლევის შედეგად გამოვლენილი მონაცემები ყველა მხარეს საშუალებას მისცემს დახვეწონ სწავლის პროცესი, ჩამოაყალიბონ ჯანსაღი გარემო ერთმანეთთან ურთიერთობისას და მიაღწიონ მაქსიმალურად ეფექტურ შედეგს.











ბიბლიოგრაფია

1.      გორდონი თ. -  ,,როგორ გავხდე კარგი მშობელი“
2.      ეროვნული სასწავლო გეგმა
3.       ლობჟანიძე ს. - ,,როგორ შევუწყოთ ხელი სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობას
4.      ლომიძე ქ. -მშობლებთან თანამშრომლობავსწავლობთ  ერთად“.
5.      USAID/G-PRIED საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი/მშობელთა ჩართულობა)
10.  EDU.ARIS.GE

დანართი

1. მშობლის ნებართვა და რაოდენობრივი კითხვარი



ფოკუს-ჯგუფის შეხვედრა და რეკომენდაციები





რეფლექსია

            2018-2019 სასწავლო წელს ვაწარმოე საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლის პირველ კლასში.
            კვლევის მიზანი იყო თუ როგორ გამეუმჯობესებინა მშობელთა ჩართულობა პირველკლასელის სასკოლო ცხოვრებაში, რომელიც უშუალო კავშირში იყო მოსწავლეთა სწავლის პროცესის  შეფერხებასთან. 
            მინდა  აღვნიშნო,  რომ  კვლევის პროცესი ჩემთვის,  ჩემი  მოსწავლეებისთვის   და  მათი  მშობლებისთვის იყო  ძალიან  საინტერესო,  მოლოდინებითა  და  წარმატებებით  დატვირთული  და  ბევრის  მომცემი არა  მარტო  ჩემთვის,  როგორც  პედაგოგისათვის,  არამედ  მშობლებისთვის, კოლეგებისთვის,  რომლებიც  კვლევის  მიმდინარეობას  ინტერესით  ადევნებდნენ  თვალს.  მათთან   მქონდა  არაერთი  კონსულტაცია,    ვიღებდი  რჩევებს,  ვიზიარებდით  ერთმანეთის  აზრს,  რაც  ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი  ფაქტორი  იყო  კვლევის  წარმატებით  დასრულებისთვის. 
            ჩემ მიერ განხორციელებული კვლევის ანგარიში წარვადგინე  დაწყებითი კლასების  კათედრაზე და მოვახდინე პრეზენტაცია. პრეზენტაცია მოვამზადე  PowerPoint-ში.  დეტალურად გავწერე კვლევის მიზნები, პრობლემის გამომწვევი ფაქტორები, დაგეგმილი და განხორციელებული ინტერვენციები, გავაცანი კოლეგებს კვლევის მსვლელობისას გამოყენებული მეთოდები და ის რეკომენდაციები, რომელებიც შევიმუშავე კვლევის წარმოებისას.
            კოლეგებისგან  მიღებული  უკუკავშირი ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი. ყველამ აღნიშნა, რომ თემა იყო აქტუალური, რადგან მშობელთა ჩართულობის თემა პრობლემატურია არა მხოლოდ დაწყებით კლასებში, არამედ ყველა კლასში. შესაბამისად, კვლევის მიერ მიღებული შედეგების გადამუშავება და გარკვეული დასკვნების გაკეთება კოლეგებს გაუადვილებთ მშობელთა ჩართულობის პროცესის ეფექტურად წარმართვას. მათ აღნიშნეს,  რომ კვლევის  მიმდინარეობისას გამოყენებულ რესურსებს  (გამოკითხვის  ანკეტები,  მოსწავლეზე  დაკვირვების  ფორმა,  სახალისო  აქტივობები,  ინფორმაცია, რჩევები  მშობლებისთვის და ა. შ) თვითონაც გამოიყენებენ  პედაგოგიურ  პრაქტიკაში.   კვლევა    კოლეგებისგან  შეფასდა  დადებითად.  მათაც   მიეცათ  სტიმული,  თავადაც  განახორციელონ  პედაგოგიური პრაქტიკის  კვლევა,  რომელიც  დაეხმარება   პედაგოგიური მუშაობის გაუმჯობესებასა და  წინსვლაში. იმისათვის, რომ ხელმისაწვდომი იყოს ჩემი კვლევა და მისი შედეგები, ნაშრომს გამოვაქვეყნებ სოციალურ ქსელში-დაწყებითი კლასების პედაგოგთა ჯგუფი, სკოლის ვებგვერდზე, საკუთარ ბლოგზე.
            მე, როგორც პედაგოგი, შემიძლია ვთქვა, რომ შევძელი მეწარმოებინა პედაგოგიური კვლევა, და დავრწმუნდი იმაში, რომ  ის ხელს უწყობს მასწავლებელს პროფესიულ განვითარებაში, აჩვევს გუნდურ მუშაობას, აახლოვებს მშობელთან და მოსწავლესთან, ხდება თანამშრომლებს შორის კომუნიკაცია და გამოცდილების გაზიარება, მასწავლებელი პოულობს პრობლემის გადაჭრის ეფექტურ გზებს, ყოველივე ეს კი, პედაგოგის პროფესიული ზრდის საწინდარია.

No comments:

Post a Comment